ქართული კანონმდებლობა, როგორც ანიმალიზმის შვიდი მცნება
წინა პოსტში მოგიყევით რიგითი უსამართლობის ამბავი, ხოლო ამ პოსტში სამართლებრივ უსამართლობებზე გესაუბრებით, იმ უსამართლობებზე, რომელებსაც კანონის სახელით ჩადიან და უძლური ხარ კანონითვე შეებრძოლო.
იურიდიულ ფაკულტეტზე 4,5 წლიანი სწავლებიდან, ერთადერთი ალბათ ის დამრჩა თავში, რომ კანონი შესასრულებლად სავალდებულოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. ნორმა შეიძლება იყოს უსამართლო. სწორედ ასეთი უსამართლო ნორმატიული აქტებით გვზღუდავენ: დენს + ნაგავი, გონივრული ეჭვის ნიადაგზე, რეზინის ტყვიები, მანიფესტაციების შეზღუდვა, ახალი კონსტიტუცია, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებები (იმ ქვეყანას რა ვუთხარი სადაც ხაბაზები პურის ცხოვის ნაცვლად კანონპროექტებს წერენ) და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი.
შევარდნაძის ეპოქისგან, დენის, გაზის, ტრასების და შეღებილი ფასადების გარდა, ეს მთავრობა იმითაც განსხვავდება, რომ უსამართლობას აკანონებს. იმ დროს, ავად თუ კარგად, კანონთან მაინც იყავი მართალი და თავს მაგით დაიმშვიდებდი, ეხლა კი მხოლოდ საკუთარ თავთან და საზოგადოების იმ ნაწილთა თუ იქნები „პრავი,“ რომელიც სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი ჯერ კიდევ არ გამხდარა და რომელთაც კრიტიკული აზროვნება კვლავ შემორჩათ ამ ზომბირებულ ქვეყანაში.
უსამართლო სამართლებრივ აქტებს მიაქვს ქართული საკანონმდებლო სისტემა, ამ პოსტში ერთ მაგალითს განვიხილავ, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი „არჩეული“ მთავრობის მიერ კანონმდებლობის მორგებას პროცესს საკუთარ ტანზე.
საქმე ეხება სერტიფიცირებული მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას.
2008 წელს, სერტიფიცირებული მასწავლებლები სხვა დასაქმებულებთან შედარებით უკეთეს დღეში იყვნენ, ვინაიდან, მათი გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზისა და პრეტენზიის გარეშე შეუძლებელი იყო, ამას განსაზღვრავდა 2007 წლის მინისტრის 979–ე ბრძანება, რომელის მეათე მუხლშიც ნათქვამია:
მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების
შეწყვეტა
1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
2. სკოლის დირექტორი ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება, და მხოლოდ ამ მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშკრულების მოშლის თაობაზე. (8.04.2008 N 313)
3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს და ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე–7 მუხლით განსაზღვრული შვებულება. (14.01.2008 N37)
4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. სკოლის დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: (8.04.2008 N 313)
ა) მასწავლებელს გააცნოს წერილობითი მოტივირებული პრეტენზია, სადაც მითითებულ უნდა იქნას მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზი და სკოლის დირექტორის პრეტენზია.
ბ) მასწავლებელს მისცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი წერილობითი მოსაზრება/დასაბუთება სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით,
გ) შეხვდეს და გაესაუბროს მასწავლებელს მის მიმართ არსებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
6. შეხვედრაზე უნდა დაიგეგმოს მასწავლებლის მიმართ არსებული პრეტენზიისა და ხარვეზის გამოსწორების გზები და განისაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შეხვედრის თაობაზე უნდა შედგეს შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. თუ რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. (8.04.2008 N 313)
7. თუ დამატებით გონივრულ ვადაში მასწავლებლის მიერ არ ან ვერ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, მაშინ სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული და რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. (8.04.2008 N 313)
8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემდეგ დირექტორის მიერ წერილობით იქნება დასაბუთებული, რომ მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და მას არ ექნება დადებითი ეფექტი სკოლის ინტერესებზე, დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, არ განსაზღვროს ხარვეზის გამოსწორების გზები და დამატებითი გონივრული ვადა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის დირექტორმა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება მოშალოს დამატებითი ვადისა და ხარვეზის გამოსწორების გზების განსაზღვრის გარეშე, რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
თუ ბრძანების წაკითხვა დაგეზარათ, მოკლედ გეტყვით, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე დირექტორი ვალდებულია გამოიკვლიოს საკითხის ყველა გარემოება. მასწავლებელს გააცნოს წერილობითი პრეტენზია და საშუალება მისცეს გამოთქვას წერილობითი მოსაზრება. მასწავლებელს უნდა მიეცეს ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ იგი ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის, ან სკოლის დირექტორი და სამეურვე საბჭო გადაწყვეტს, რომ მათი აღმოფხვრა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და სამსახურიდან დაითხოვოს მასწავლებელი.
ალბათ დამეთანხმებით მშვენიერი ბრძანებაა, ვერაფერს დაუწუნებ. დასაქმებულის ინტერესები ნამდვილად გათვალისწინებულია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კარგი ამბავი დიდ ხანს არ გრძელდებაო, როგორც იტყვიან და ბრძანებამ 2010 წელს ცვლილება განიცადა, კერძოდ, ბატონმა შაშკინმა ბრძანა, რომ:
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ Ш, 19.10.2007 წ., №146, მუხ.1643) საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-10 მუხლის მე-2; მე-5; მე-6; მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“
და გილოცავთ! ბრძანება შეცვლილია! შაშკინის ბრძანება – გაათავისუფლე მასწავლებელი ახლა უკვე ერთი ხელის მოსმით!
კანონის შეცვლის შემდეგ, სამუშაო ადგილი ათეულობით პედაგოგმა დაკარგა.
ისმის კითხვა, რატომ შეიცვალა ბრძანება? ამაზე პასუხი მარტივია: იმიტომ რომ, სამსახურიდან გააგდონ ან გაგდებით დაემუქრონ ყველას, ვინც არ წავა „სარკოზობაზე,“ ვინც არ იყვირებს მიშა, მიშას! ვინც არ შემოხაზავს ხუთიანს, ვინც იქნება „ოპოზიციური განწყობის“ (ეს მაგარი ტერმინი მოიფიქრეს) ყველას, ვინც იტყვის, რომ მიშა არც თუ ისე მაგარია, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, მაგრამ მისი რომელიმე ოჯახის წევრია „ოპოზიციური განწყობის,“(არა, მაინც რა მაგარი ტერმინი მოიფიქრეს, ჰა?) ყველას ვისაც არ მოსწონს ნოდარიკო მელაძე, შერონ სტოუნი, ტოტო კუტუნიო, იგლესიასების გენიალოგიური ხე, ვისაც არა აქვს სილქნეტი და ვისი ტელევიზორიც იჭერს მაესტროს და ა.შ.
რისთვის არსებობს კანონი? იმისათვის, რომ მან დაარეგულიროს საზოგადოებრივი ურთიერთობები და დაიცვას ხალხი, მაგრამ დღევანდელი ნორმატიული აქტები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი ნათესავების უსაფრთხოება– კეთილდღეობას უზრუნველყობს.
ქართული კანონმდებლობის წარამარა ცვლილება და ერთეულებზე მორგება ძალიან ჰგავს ანიმალიზმის შვიდ მცნებას, ცხოველების ფერმიდან, რომელიც დაიწერა ცხოველების მიერ მოწყობილი რევოლუციის შემდეგ და მოდიფიკაცია განიცადა ღორების გაბატონების და ერთპიროვნული მმართველობის დამყარებისას. როდესაც ღორებმა ადამიანური თვისებები აიღეს, ალკოჰოლის დალევა, საწოლში ძილი და ა.შ. მყისვე შეცვალეს კანონი, ისე, რომ დანარჩენი ცხოველები ვერც კი ამჩნევდნენ. ზოგი ამჩნევდა, მაგრამ ხმის ამოღების ეშინოდათ, ან კი რა უნდა ექნათ? კანონის წინაშე უძლურები იყვნენ.
“ანიმალიზმის” შვიდი მცნება:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში, თეთრეულით.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ
VII. ყველა ცხოველი თანასწორია, ზოგი ცხოველი უფრო თანასწორი.
(გაბოლდებული ნაწილი მცნებებში შეტანილი ჩასწორებებია)
და მაშინ, როდესაც ღორებიც ადამიანებს დაემსგავსნენ და ორ ფეხზე სიარული დაიწყეს, გაჩნდა ლოზუნგი, „ოთხი ფეხი კარგია – ორი უკეთესი“
ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება „ცხოველების ფერმასა“ და საქართველოს შორის. ცხოველთა ლიდერი, ნაპოლეონი, წარამარა ახსენებს ცხოველებს იმ საშინელ ყოფას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ და საიდანაც მან იხსნა. აშინებს წარსულის დაბრუნებით. ყავს ზონდერ ბრიგადები ძაღლების სახით, რომელნიც უსწორდებიან ყველას ვინც ბელადის წინააღმდეგ წავა და ა.შ.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ორუელისეულ ცხოველების ფერმაში, სსრკ იგულისხმება, მაგრამ დიდი დაკვირვება არ სჭირდება მკითხველს რათა მასში საქართველოც ამოიცნოს.
საქართველო ცხოველების ფერმაა. ქათმები ბიზნესმენები არიან, რომლის დადებულ კვერცხებსაც ღორები ეპატრონებიან. ცხვრების კატეგორიას ის დაბალი ფენა განეკუთვნება, რომელის წარმომადგენლებისც ყველაფერს იჯერებენ და პროტესტის გრძნობა არა აქვთ, ძაღლები – პოლიციელები, ცხენები კი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, ხოლო საქართველოს მთავრობა კოლტია – ღორების ჯოგი, თუმცა ამის შესამჩნევად „ცხოველების ფერმის“ წაკითხვა არაა აუცილებელი, ისედაც დღესავით ნათელია.
ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, “რა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ დაკანონებულ უსამართლობას?”
ამისათვის ერთადერთი კანონიერი გზა დარჩა, გამოვიდეთ და მოვითხოვოთ მათი შეცვლა, გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები სანამ გვაქვს.
“იმ ქვეყანას რა ვუთხარი სადაც ხაბაზები პურის ცხოვის ნაცვლად კანონპროექტებს წერენ”
გამოდის მჭედლიშვილებმა მხოლოდ მჭედლებად უნდა იმუშაონ, ქათამაძეები ქათმები იყვნენ და მღებრიშვილები მღებავები 
სხვა ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს საშინელი ფრაზაა
რა საშინელებაა ასე ერთი ხელის მოსმით ვინმესთვის ადგილის მიჩენა
ღმერთმანი, ამას სერიოზულად მეუბნები? :ო
მე უბრალოდ ამ ანდაზის პერიფრაზი გავაკეთე “პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს”
გვარი არაფერ შუაშია, ორაზროვანი ნათქვამია.
ორაზროვანი, შეიძლება უწყინარი, მაგრამ ცუდად გამოსული და ვინმესთვის შეურაცხმყოფელიც, თუნდაც ამ მიზნით არ იყოს ნათქვამი
ძალიან ცუდად გამოჩნდა ჩემ თვალში და დარწმუნებული ვარ ვინმე ხაბაზის თვალში უფრო ცუდად გამოჩნდება 🙂
რიავიცი, არამგონია რომელიმე “პასტარონმა” ხაბაზმა ან მჭედლიშვილმა შეურაწყოფად მიიღოს ეგ ფრაზა.
გაგაგიჟათ მგონი ამ ჰეითსფიჩებზე ტრეინინგებმა :დ
ხაბაზი პურის მცხობელს ჰქვია, გვარი აქ არაფერ შუაშია, მთავარი აზრი ის არის, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის რაშიც კომპეტენტურია და რაც კარგად ეხერხება.
მგონი ერთადერთი ხარ ვინ მაგ ფრაზის შინაარსი სწორად გაიგო :))
matvei ti ni perestavlaesh udivliac minia )