Skip to content

სიმბოლიკა თანამედროვე პოეზიაში მაქი კვიციანის მაგალითზე.

სექტემბერი 13, 2010

პოეზია ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე “რთული” სფეროა, იგი თანდათანობით, ეტაპ-ეტაპ (ც) იხვეწებოდა, ფორმას იცვლიდა, უამრავ ტრანსფორმაციას განიცდიდა, თავიდან თუ მხოლოდ მუსიკალური დათვირთვა ქონდა, ახლა უკვე ნეკროლოგის სახითაც შეგიძლიათ ლექსის მოსმენა. პოეზიას შეუძლია დიდი ემოცია მოიტანოს, ტანში დაგაჟრიალოს, მის გამო სძულდათ და უყვარდათ, მეტიც, მის გამო კლავდნენ ერთმანეთს.

პოეზიამ განვითარების საკმაოდ საინტერესო საფეხურები გაიარა, ყოველი პერიოდის ავტორში აისახება იმ დროის ტკივილი, საფიქრალი, სოციალურ-პოლიტიკური ფონი, ავტორის ფსიქიური მდგომარეობას, თუ ანტიკური პერიოდის პოეზიაში სასიყვარულო და საგმირო ამბები აისახებოდა, მოგვიანებით  ავტორები უფრო გათამამდნენ დემოკრატიის პირობებში, და პოლიტიკურმა სიმბოლოებმაც თავი იჩინა. არადემოკრატიის პირობებში მცხოვრები თამამი ავტორები რბილად რომ ვთქვათ, მოკლეს.

აგერ უკვე რა ხანია ჩვენს ქვეყანაშიც დემოკრატია ზეიმობს და რა  თქმა  უნდა ზემოთ ნახსენებ თამამ ავტორებს ნიღბის მოხსნის საშუალება მიეცათ, ერთ-ერთი ასეთი პოეტია, ახალაგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერი მაქი კვიციანი, რომლის ლექსშიც “წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ” იგრძნობა 90-იანების, განწირული თაობის გოდება და ოპტიმისტური ჭვრეტა მომავლისადმი. (ოპტიმიზმი საერთოდ ახალგაზრდა ავტორების დამახასიათებელი თვისებაა.) თავდაპირველად იხილეთ ლექსის სრული ფორმა, შემდეგ გავშიფროთ კვიციანის ენიგმები, რათა ავტორის სათქმელს იოლად ჩავწვდეთ და ლექსმაც მოაღწიოს ჩვენი სულის ღრიჭოებამდე.

ნახე, ლამაზო, შორს კრავენ გვირგვინებს,
ნახე, უშბაზე რა თეთრად დათოვა, –
გრძნობები ერწყმიან თოვაში ერთმანეთს
იცი, ეს რას ნიშნავს? – ღმერთმა მიგვატოვა;

ვხედავ, უშბის ძირში შენ რომ გამორბიხარ,
თეთრ კაბას ფიფქები გრძნობებით უმზერენ,
ლილეო! დასჭექენ სვანეთის დევები
ბეჩოში პიკ მაზერს ღიმილით უმზერენ.

გულიდან – გულამდე, სისხლიდან – სისხლამდე,
გრძნობიდან – გრძნობამდე, თოვიდან – თოვამდე
კოშკიდან – კოშკამდე, ჩემიდან – შენამდე,
დღეიდან ხვალამდე და ასე, ბოლომდე
და შორს, მერმისამდე…

ავიდეთ უშგულში, დალალებს დაგიშლი
და ამ თეთრ თოვაში მე ფიქრებს აგიშლი,
მაზერში ჯგურაგის საყდარში აგიყვან,
ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავიწყებთ თავიდან,

უშბაზე სამახვშო საკარცხულს დაგიდგამ
და თითქოს თავიდან შენ ფეხსაც აიდგამ,

ვერ ხედავ, ლამაზო, თოვლი რომ გეხება?!
ტუჩებით გიგზავნის კოცნას მწველს, ვნებიანს,
ასეა სვანეთში, ასეა, იცოდე, –
ასეა, როდესაც ქალს ეგებებიან, –

წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ
და იქედან კი უშბაზე ავიდეთ…

წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ!..

ამ ლექსში ავტორი გამოხატავს თავის დაღონებას სამშობლოს მდგომარეობის, საქართველოს სუვერენიტეტის შელახვისა და რუსეთი იმპერიალისტური რეჟიმის გამო,  ეხმიანება 2008 წლის მოვლენებს.  ლექსში იგი მიმართავს თავის სამშობლოს, საქართველოს.

“ნახე, ლამაზო, შორს კრავენ გვირგვინებს,
ნახე, უშბაზე რა თეთრად დათოვა,

გრძნობები ერწყმიან თოვაში ერთმანეთს

იცი, ეს რას ნიშნავს? – ღმერთმა მიგვატოვა;”

“ლამაზოს” ეპიტეთი, რა საკვირველია საქართველოს მიმართ გამოიყენა ავტორმა, რომელიც ჯერ კიდევ ანა კალანდაძემ იხმარა იგივე სამშობლოს მიმართ, (საქართველოს ლამაზო)ხაზი გაუსვა რა მის მიმზიდველობას, ეშხს, ავტორი საქართველოს „შორს“ ახედებს, თუმცა არც თუ ისე შორს, გვირგვინების შეკვრის ადგილი ხომ ოკუპანტი რუსეთია, ვინაიდან გვირგვინი მონარქიის და ფეოდალიზმის სიმბოლოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ამით ავტორი ხაზს უსვამს რუსეთში დამყარებულ იმპერიალისტურ რეჟიმს, ჩრდილოელი დამპყრობელი რა თქმა უნდა სიცივესთან ასოცირდება, რაც ავტორმა შესანიშნავად შენიღბა და ყველაზე ცივი ატმოსფერული მოვლენის „თოვლის“ სახელი უწოდა, რომელიც ედება უშბას, რომელიც ლექსში საქართველოს სილამაზის სიმბოლოდ არის გამოყენებული, ანუ ავტორს სურს იმის თქმა, რომ ქართული სილამაზე რუსეთმა გაანადგურა. (გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და ბორჯომის ტყე-პარკში ჩადენილი ეკოციდი) „გრძნობები ერწყმიან თოვაში ერთმანეთს“  თოვაში, ანუ რუსეთის შემოჭრის და თავდასხმის დროს რა საკვირველია მძაფრდება სიყვარული სამშობლოს მიმართ, რაც ასახულია კიდეც მესამე სტრიქონში,  საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ასე განუწყვეტლივ „თოვს“ რა თქმა უნდა ეს იმან ნიშნავს, რომ ღმერთმა მიგვატოვა, ღმერთში აქ იგულისხმება მხსნელი, მესია, ანუ დასავლური ქვეყნები და ქვეყნების გაერთიანებები, აშშ, ნატო და ა.შ. ამით ავტორი გამოხატავს ერთგვარ წყენას დემოკრატიის მქადაგებელი ქვეყნების მიმართ, რომელთაც დემოკრატიის ახლად აღმოცენებულ სავანეს, მხარდაჭერა არ აღუთქვეს და მხოლოდ შეშფოთდნენ.

„ვხედავ, უშბის ძირში შენ რომ გამორბიხარ,
თეთრ კაბას ფიფქები გრძნობებით უმზერენ,
ლილეო! დასჭექენ სვანეთის დევები
ბეჩოში პიკ მაზერს ღიმილით უმზერენ.“

ამ სტროფში ვიგებთ, რომ ავტორს საქართველო მდედრობითი სქესის წარმოუდგენია, ვინაიდან თეთრი კაბით მოსავს,  ეს გასაკვირი არცაა, საქართველო, ხომ ძალიან სუსტი ქვეყანაა, „უშბა“ მეორე სტრიქონში უკვე სხვა სიმბოლური დატვირთვით გვხვდება, აქ მას ერთგვარი თავშესაფრის როლი აკისრია, ანუ უშბის ძირში გარბენა, ეს ნატო-სკენ სწრაფვად უნდა ჩავთვალოთ, ნატო ხომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამასთანავე ავტორი შესანიშნავად გამოხატავს, რუსეთის უკმაყოფილებას ჩვენი გეოპოლიტიკური კურსის მიმართ, „თეთრ კაბას ფიფქები გრძნობებით უმზერენ,“ თეთრი კაბა არის ის მშვიდობის სიმბოლო, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით, ფიფქები, ანუ რუსები მას გრძნობებით უმზერენ, ეს გრძნობები რბილად, რომ ვთქვათ ცუდი გრძნობებია.

„ლილე“ სვანური ხალხური სიმღერა, რომელიც აქ საბრძოლო ყიჟინის გამომხატველია, მას სვანეთის დევები, ანუ საქართველოს გმირ-ჯარისკაცები ასრულებენ და თან იღიმიან, სამწუხაროდ აქაც იგრძნობა სხვა ავტორის გავლენა, მაქიმ ლადო ასათიანის სტრიქონის გადამღერება გააკეთა, ‘’ცხრა ლახვარი, რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ.“ სიცილი მან იგივე დატვირთვით გამოიყენა, რა დატვირთვითაც ლადომ.


გულიდან – გულამდე, სისხლიდან – სისხლამდე,
გრძნობიდან – გრძნობამდე, თოვიდან – თოვამდე
კოშკიდან – კოშკამდე, ჩემიდან – შენამდე,
დღეიდან ხვალამდე და ასე, ბოლომდე
და შორს, მერმისამდე…
აღნიშნულს სტროფში, ავტორი ხაზს უსვამს ქართველების პატრიოტიზმს და აღნიშნავს, რომ ანთებული გულებით და სავსე გრძნობებით სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ კოშკიდან თავს თოვისგან და ეს გაგარძელდება არც თუ ისე დიდ ხანს, მართალია ავტორი იყენებს სიტყვას „შორს“ რომელიც რა თქმა უნდა ახლო მომავალს არ უნდა ნიშნავდეს, მაგრამ სწორედ აქ ჩანს მაქის ნიჭიერება, იგი ერთგვარი ირონიით ამბობს ზემოაღნიშნულ სიტყვათწყობას „შორს მერმისამდე,“ აქ მისი უზომო ოპტიმიზმი ჩანს, სკეპტიციზმით შენიღბული, მას ერთი წელიც ებევრება, იმისათვის, რომ საქართველომ თავი დააღწიოს ჩრდილოურ კლანჭებს,  ეს ნიშნავს იმას, რომ ავტორი ძალიან კარგად არის გარკვეული  გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იცის, რომ საქართველომ მაპი არა, მაგრამ მაპზე უკეთესი მიიღო და რომ იბერია თუ არ გაბრწყინდება მინიმუმ ნატოში შევა და ეს არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ანუ მერმის მოხდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მსხვილი ფიფქებით თოვაც“ დასრულდება.  ეს ახალგაზრდებისათვის დამახასითებელი ოპტიმიზმია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

ავიდეთ უშგულში, დალალებს დაგიშლი
და ამ თეთრ თოვაში მე ფიქრებს აგიშლი,
მაზერში ჯგურაგის საყდარში აგიყვან,
ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას დავიწყებთ თავიდან,
ავტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, რომ იმავე პოლიტიკური გეზით განაგრძოს სვლა, რომელიც არჩეული აქვს, ანუ სწრაფვა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ, ეალერსება მას და დარდს უქარწყლებს გაქანებული ინტერვენციის დროს. (და ამ თეთრ თოვაში მე ფიქრებს აგიშლი)

მაზერის ჯგურაგი, ერთ-ერთი სალოცავია სვანეთის მხარეში სადაც ავტორი მიიუძღვება საქართველოს, ეს გზაა უფლისა, რომელი გზაც არ უნდა დავივიწყოთ, ის ხომ წინაპრებმა სისხლის ფასად შემოგვინახეს, ეს შანსია იმისა, რომ ფენიქსისაებრ აღსდგეს ჩვენი ქვეყანა ფერფლისგან და დაიწყოს ახალი ცხოვრება! ეს ხსნის გზაა!

ვერ ხედავ, ლამაზო, თოვლი რომ გეხება?!
ტუჩებით გიგზავნის კოცნას მწველს, ვნებიანს,
ასეა სვანეთში, ასეა, იცოდე, –
ასეა, როდესაც ქალს ეგებებიან, –
ჩემი აზრით, ამ სტროფში ავტორს უკვე სიმბოლოების აღრევა დაემართა, თოვლი უკვე დადებითი მოვლენაა, კოცნას აგზავნის, თანაც მწველს და ვნებიანს, მართალია ეს უკვე სვანეთის თოვლია, მაგრამ ასეთი დაუდევრობა დაუშვებელია დიდ პოეზიაზე პრეტენზიაგამოცხადებული ავტორისაგან, თუმცა ვფიქრობ, რომ ისეთ ავტორს, როგორიც მაქია, ასეთი შეცდომა არ გაეპარებოდა, დიახ მეგობრებო, აქ საქმე გვაქვს სიმბოლოების შეგნებულ არევასთან, რომელის მიზანიც ლექსის შენიღბვაა, ავტორს სურს ეს ლექსი მკითხველმა აღიქვას, როგორც ჩვეულებრივი სასიყვარულო ლექსი და მას პოლიტიკური დატვირთვა არ მისცეს, აქ ჩანს, რომ მას ეშინია პოლიტიკური პოეტის იარლიყის მიკერების, ყოველივე ამის მიუხედავად იგი მაინც უბრუნდება მთავარ სათქმელს, რაც მთავარია ისევ ოპტიმისტური განწყობით და ამავე ნოტაზე ასრულებს ლექსს.

„წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ
და იქედან კი უშბაზე ავიდეთ…

წამოდი, ლამაზო, სვანეთში წავიდეთ!..“

სვანეთი მოგეხსენებათ რთულად მისადგომი კუთხეა, თავისი უღელტეხილებითა და მთებით, აქედან გამომდინარე სვანეთში ასვლა პირობითად აღნიშნავს იმ რთულად გასავლელ გზას, რომლიც წარმატების მწვერვალზე, უშბაზე, ასაღწევადაა საჭირო.

და ბოლოს იხილეთ ლექსი ავტორის შესრულებით

იმედი მაქვს დაგაინტერესათ ესოდენ ნიჭიერი გოგონას შემოქმედებამ, დარწმუნებული ვარ მას ბევრიც მაქებარი და ბევრიც დამკნინებელი ეყოლება,  პოეზიის სამყარო ხომ სავსეა შურითა და ღვარძლით, მაგრამ მაქი იცოდე შენს გვერდით ვარ!

ახლო მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ ლექსის განხილვის მეორე ვარიანტს, რომლის სათაურიც იქნება “ლიბერალიზმი სვანეთში.”

უმახათობის დედა ვა-

Advertisements
19 Comments
  1. 😀 😀 😀 😀

    საღოლ მათე 😀 ძილის წინ კი მაცინე გულიანად!

    მაქი, ნასინგ პერსონალ, ჯასთ ბიზნეს 😀

  2. რამდენიმე შეკითხვა-რეპლიკა-შენიშვნა მექნება შენის ნებართვით ბლოგის ავტორო.
    1.”აგერ უკვე რა ხანია ჩვენს ქვეყანაშიც დემოკრატია ზეიმობს”.
    -ამას სერიოზულად ასე მიიჩნევ? მე მგონი არა.
    2.”“ლამაზოს” ეპიტეთი, რა საკვირველია საქართველოს მიმართ გამოიყენა ავტორმა”.
    -გასაგებია. მაგრამ რატომ ვითომ “რასაკვირველია”. იქნებ ლექსი მართლაც მხოლოდ იმაზეა რაც ერთი შეხედვით იკითხება?
    ანუ შენ საიდან გამოგაქვს ეგ დასკვნა რომ ლექსი მაინც და მაინც საქართველოზეა? მასეთივე ლოგიკით ხომ შეიძლება სულ სხვადასხვა პერსონაჟები იყვნენ ფიფქებიც, სიცივეც, თოვა, უშბა, სვანეთიც, უშგულიც… და შეფარვით რამე სხვა მოვლენაზე იყოს საუბარი? (მე უბრალოდ კითხვას ვსვამ, მაინტერესებს)
    3.”საქმე გვაქვს სიმბოლოების შეგნებულ არევასთან, რომელის მიზანიც ლექსის შენიღბვაა”.
    -როგორ გგონია არის იმის ალბათობა რომ ცდებოდე? ანუ ლექსში საქართველო არ იყოს ნაგულისხმევი. თუ შენ ესე დაინახე და მორჩა? (უბრალოდ მაინტერესებს)

    შენ შეიძლება აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ მაინც.
    პატივისცემით მე

    • მეც უბრალოდ დავაკმაყოფილებ თქვენს ინტერესს, რა თქმა უნდა ყველა ადამიანს შეუძლია თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს ნებისმიერ ტექსტს, მე როგორც გავიგე ეს ლექსი ისე გადმოგეცით, შეიძლება სულაც არ იყოს საქართველოზე საუბარი, მაგრამ მე მსურს ასე დაე ჩემთვის, თავგამოდებული პატრიოტისთვის, რომელიც ყველგან თავის სამშობლოს სიმბოლოებს ეძებს და ყველაფერს სამშობლოს უკავშჳრებს, იყოს.

      1. დემოკრატია საქართველოში ნამდვილად არ ყვავის, მაგრამ მისწრაფება ეს უკვე მისასალმებელია, დემოკრატიის ზეიმი ვიგულისხმე ცენზურის გაუქმებაში და თავისუფალი სიტყვის დანერგვაში, რის ხარჯზეც თამამი ავტორები აღმოცენდნენ, სხვა სფეროებში არ ყვავის დემოკრატია, ამ ორში კი თვალშისაცემი პროგრესია.

      2. როდესაც, ამა თუ იმ ლექსის გარჩევა ხდება, სიმბოლოებს უკვე არსებული სიმბოლოებით ხსნიან, ანუ როგორც ტექსტშია ნათქვამი, ანა კალანდაძემ გამოიყენა ეპითეტი “ლამაზო” საქართველოს მიმართ და დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმე გვაქვს ერთი და იგივე სიმბოლოების გამოყენებასთან, დავუშვათ თქვენი მოსაზრება, რომ ლექსში ავტორი საქართველოს არ მიმართავს, სწორია, მაშინ რას ვიღებთ? ამაზე არ გიფიქრიათ? ალბათ ჩემს ქვეცნობიერს არ სურს ტექსტის პირდაპირ გაგება.

      და ბოლოს, პოსტი თუ ბოლომდე ჩაიკითხე იქ ნახავდი ერთ წინადადებას, სადაც საუბარი იყო ლექსის სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე, რომელზეც აუცილებლად დავწერ უახლოეს მომავალში და რომლის სათაურიც იქნება “ლიბერალიზმი სვანეთში.”

      • კი, როგორ არა, ყველაფერი გულდასმით წავიკითხე.
        გასაგებია ყველაფერი. მადლობა პასუხისათვის.

  3. მეგონა,ჩემი ქართულის მასწავლებლის დაწერილი იყო ეს პოსტი :დ

  4. ჩემის ჰაზრით ბრწნივალედაა რეცენზია შესრულებული. კრიტიკოსს ბრწყინვალედ დაუნახავს მაქის ნიჭიერება და მის ბანალურ რითმებს ამოფარებული პროგრესულად მოაზროვნე, მემარცხენე ცენტრისტული, რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირებობის ხმალამოღებული დამცველი არცთუისე მომხიბლავი პოეტესა.

    მათე იმედია ვიხილავთ რეცენზიებს თემურ ელიავაზე და ნიკა ლაშხიაზეც 🙂 მე ველი :)))))))))))

    • მადლობა სმოკ. ჯერ “ლიბერალიზმი სვანეთში” უნდა დავწერო და მერე ელიავას მივხედავ, მანამდე ლაშხიას შემოქმედებასაც გავეცნობი, პირველად გავიგე :))

  5. skyken permalink

    mate mateeeeeeeeeeeeeeeeeeee

  6. shemoparuli permalink

    😀 😀 😀 moxibluli var 😀
    es leqsi rom movismine pirvelad, ramdenime sityvis mere mivxvdi ra enaze iyo. shen kidev rogor chagrmavebixar 😮 ra shors waxvedi 😮
    mokled, visiamovne da sheni postebis kitxvas mivyof xels/mauss :)))

  7. ეავიცი, ეეავიცი 😦

  8. minda permalink

    bevri vicine :)) mara gansakutrebit komentarebze :))))) meore ganxilvasac siamovnebit wavikitxav! ))

  9. მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას 😀

  10. sandro permalink

    ეთნიკური თუ სექსუალური უმცირებობის ხმალამოღებული დამცველი

    :DDDDDDDDDDDDDd

  11. ხისსუნიანისახლი permalink

    ნეტა შენი თავისუფალი თემების რვეულში ჩამახედა )))))

  12. და მაინც, პატივცემულო მაყაშვილო (მაყაშვილია, ხო?). დიახ, პატივცემულო, მაყაშვილო:
    ჩვენ განვიხილეთ თქვენ მიერ წარმოებული განხილვა ქალილშვილ კვიციანის ლექსზედ და დავასკვენით, რომ დაბეჯითებით გიერთდებით თქვენი ნარკვევის ძირითადი აზრის ფსიქო-სოციო-პათოლოგიო-ზეფსევდოპროსტიტუციო-კონტრაპუნქტო-მოუნიტაზო-რუსოფილოფობიურ და ამავდროულად ანტიპერსპერანტო-ჰომოსაპიენსო-ჰიპერფეკალურ გააზრებაში. ვცნობთ თქვენი ღრმა მსჯელობის თითოეული ნაკვესის მხატვრულ ზეგავლენას საბჭოთა მკითხველის ყურის ბიბილოს მიჯნაზე. ასაბუთებთ რა ბეწვჩაბრუნების პრობლემის ჭრილში წამოჭრილ საყოფაცხოვრებო მაქციურ ფსევდოსასქესო ომის გეოალპინისტურ მნიშვნელობას, მივიჩნევთ, რომ წერილი, დაწერილი თქვენ მიერ, სასურველია, გახდეს ტირაჟირებადი გამოცემის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი.

    საქართველოს ფსევდოთითისცხვირშიშემყოფდა და ისეყველამკარგადიცითსადშემყოფთა კავშირის, სხდომის, მრგვალი მაგიდისა და ქალწულებრივი აფკის თავმჯდომარეთა კოლეგიის დირექცია.

    • ბალანჩივაძო შენ ხარ… არ ვიცი რა გიწოდო, უბრალოდ მაგარი კაცი 😀

  13. ალექსი სივკათი (ოსი) permalink

    პოეზიის საყოველთაო პანდემიის რუპორი ხარ, მატვეი!

  14. lomski permalink

    ეტაპ-ეტაპ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: